დედამიწაზე მოსალოდნელ კლიმატურ ცვლილებებს და ამ ცვლილებებით გამოწვეულ სავარაუდო კატასტროფებს გერმანული გაზეთი "DER WESTEN" ვრცელ სტატიას უძღვნის. სიცხე, მწირმოსავლიანობა, ქარიშხლები, ცუნამები - პოსტდამის კლიმატის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, ამ ეკოლოგიური კატასტროფების მომრავლება ნეგატიურად აისახება პლანეტაზე და, შესაძლოა, მალე სხვა პრობლემებიც წარმოქმნას' - წერს გაზეთი. მეცნიერთა ნაწილი, ასწლეულის დასასულს, პლანეტაზე ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებასაც ვარაუდობს. კერძოდ, მთელ დედამიწაზე, შესაძლოა, ტემპერატურა ოთხი გრადუსით გაიზარდოს.
თუმცა ექსპერტების მეორე ჯგუფი კლიმატის ცვლილების შესახებ პროგნოზებს, ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს, მაგრამ თუ მაინც მოხდება მსგავსი ცვლილებები, რა ელოდება დედამიწას? სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ასწლეულში ზღვის დონე 50 სანტიმეტრიდან ერთ მეტრამდე აიწევს, ხოლოდ შემდეგ ზღვის დონის აწევა უფრო შესამჩნევი გახდება. ამის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდება ფილიპინები, მექსიკა და ინდოეთი. მცირე მოცულობის კუნძულებს კი საერთოდ, ჩაძირვა ემუქრებათ. შესაძლოა, დაიღუპოს ბევრი სხვადასხვა სახეობის ზღვის ბინადარიც.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თუ დედამიწაზე ტემპერატურამ მოიმატა, ყველაზე მეტად ტროპიკული რეგიონები დაზარალდებიან. წლის ყველაზე ცივი თვეებიც კი, გაცილებით თბილი გახდება. ამავდროულად, მნიშვნელოვნად შემცირდება გრენლანდიის ყინულის საფარი, რომელიც პროცესს სახიფათოს გახდის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე მეტი პრობლემა გაუჩნდება აფრიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დიდ ნაწილს და ასევე, სამხრეთ ევროპას. ისეთი მდინარეები კი, როგორიც მაგალითად, დუნაია, არსებობას შეწყვეტს.
კლიმატის ცვლილება ემუქრება არა მხოლოდ პოლარულ სარტყელს, არამედ ქალაქებსაც. ორგანიზაცია "ქალაქთა კავშირი" აცხადებს, რომ ქალაქების უმრავლესობა ამისთვის მზად არ არის. მცხოვრებლებს ბევრად მეტი დახმარება დასჭირდებათ, რადგან ისინი ძნელად გადაიტანენ სიცხეს. ამას გარდა, საჭირო გახდება ისეთი შენობების აგება, რომლებიც ბევრად მაღალ ტემპერატურას უძლებს.
რაც შეეხება მოსავლიანობას, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე, მოსავლიანობა მნიშვნელოვნად შემცირდება, მით უმეტეს, რომ არსებობს მარცვლეულის ისეთი კულტურები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ტემპერატურის ცვლილების მიმართ. შესაბამისად, საკვები პროდუქტების შემცირების პრობლემა, დიდ გამოწვევად იქცევა კაცობრიობისთვის. ამ კუთხით, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნები დაზარალდებიან. თუმცა სპეციალისტების ნაწილი ამ პროგნოზებს გადაჭარბებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.