საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იტალიის ქალაქ მერანოში მდებარე სანატორიუმში მხოლოდ ერთი დღით იმყოფებოდა და ისიც სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით. როგორც მანჯგალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" განუცხადა, პრეზიდენტმა სანატორიუმში არა ბიუჯეტის, არამედ პირადი თანხები დახარჯა.
"ეს იყო, დაახლოებით 15 ნოემბერს, ბრიუსელში ვიზიტის შემდგომ, უკვე უკანა გზაზე. მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი ყოველწლიურად გადის სამედიცინო შემოწმებას, ესეც იყო ასეთი დაგეგმილი გამოკვლევა. აქვე მინდა დავამატო, რომ პრეზიდენტი ჯანმრთელია. ერთი დღით გაჩერდა ის ამ ცენტრში და ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არაა დახარჯული. ეს იყო პრეზიდენტის პირადი თანხები" - განაცხადა მანჯგალაძემ.
შგახსენებთ, რომ ჟურნალისტის, თინა კანდელაკის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლახან იტალიურ ქალაქ მერანოს ფეშენებელურ სანატორიუმში „ესპას ანრი შენოში" 7-დღიანი დასვენება მოიწყო. ამ ინფორმაციის ამსახველ ფოტო-მასალას კანდელაკი თავის ბლოგზე აქვეყნებს. კანდელაკის ცნობით, ეს სპა-კურორტი მაღალი თანამდებობის პირებისა და ცნობილი ადამიანების ნაკლებობას არ უჩივის. მას ხშირად სტუმრობენ უკრაინელი პოლიტიკოსები და ექს-ფეხბურთელი დიეგო მარადონა. თავის დროზე მერანოში დასასვენებლად პეტრე I დადიოდა. კანდელაკის ვარაუდით, პრეზიდენტმა სანატორიუმში დაახლოებით 15 ათასი ევრო დახარჯა, პლუს დაახლოებით 100 ათასი დოლარი - კერძო თვითმფრინავით თბილისი-მერანო-თბილისი რეისის განხორციელებაზე.