ვაკეში 30-მდე ოჯახი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. დაზარალებულების განცხადებით, მათ ბიზნესმენმა ბესო კარდენახიშვილმა საცხოვრებელი ბინები იპოთეკაში ჩაადებინა სანაცვლოდ კი კარდენახიშვილს, სესხთან ერთად, ამ ადამიანებისთვის ყოველთვიურად გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ კარდენახიშვილმა ისინი მოატყუა და იპოთეკური სესხები აღარ გადაიხდა, რის გამოც მათმა ნაწილმა ბინები დაკარგა, ნაწილს კი უახლოეს მომავალში საკუთარი ბინებიდან გამოსახლება ემუქრება.
დაზარალებულების განცხადებით, იპოთეკაში ჩადებული ქონების მთლიანი თანხა დაახლეობით 1 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ პროკურატურაში კარდენახიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უკვე შეიტანეს და პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.
მათივე განცხადებით, ბესო კარდენახიშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.