მშვიდობიანი აქცია ქაიროში, რომელიც გასული წლის საპროტესტო გამოსვლების მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა, მასობრივი არეულობებით და პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. მანისფესტანტების მცდელობა, მსვლელობა მოეწყოთ ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინოსტროს შენობისაკენ, პოლიციამ გზის გადაკეტვით აღკვეთა, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან ცეცხლწაკიდებული ბოთლების და ქვების სროლა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. დემონსტრანტთა დასამშვიდებლად, სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.
უკანასკნელი მონაცემებით, შეტაკების შედეგად, 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, ხოლო 19 დაპატიმრებულ იქნა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავად მანიფესტანტები ირწმუნებიან, რომ დაჭრილების რაოდენობა გაცილებით დიდია. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. დაზარალებულთა შორის არიან ახალგაზრდული მოძრაობა "გაბერ სალაჰის" წევრები და პოლიციის თანამშრომლებიც.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჰიშამ კანდილმა მკვეთრად გააკრიტიკა მანიფესტანტების მოქმედება. მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა, აქციები პოლიციის თანამშრომელებზე თავდასხმაში არ უნდა გადაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ძალადობის აღსაკვეთად - აცხადებს პრემიერი.
ამ დროისათვის, ქაიროში სიმშვიდეა, თუმცა, პოლიცია მაინც მობილიზებულია, რადგან არეულობების გამეორებას არ გამორიცხავენ.