დღეს, 21 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სამინისტროს დარბაზში გაიმართება მრგვალი მაგიდა. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, ასევე მოწვეული სტუმრები - არქიტექტორ-ურბანისტები, ამ სფეროში მომუშავე ხელოვნების ისტორიკოსები, ICOMOS საქართველო, "თბილისის ჰამქარი", იურისტები, არქიტექტურის მკვლევარები, თბილისის მერიის თანამშრომლები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრა მიზნად ისახავს, ისტორიული თბილისის მიმდინარე განაშენიანების, რესტავრაცია-რეაბილიტაციის საკითხებსა და, ზოგადად, თბილისის ურბანული განვითარების ტენდეციების განხილვას. დისკუსია შეეხება ასევე თელავსა და მცხეთაში მიმდინარე სამუშაო პროცესებს.
შეკრების მიზანია, საზოგადოებასთან შეთანხმებით შემუშავდეს საერთო პოზიცია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ურბანული განვითარების მხრივ, პროცესი გახდეს საჯარო განხილვის საგანი და, რაც მთავარია, მოკლე ვადებში გადაწყდეს მიმდინარე პროექტების სამომავლო პერსპექტივები, საფრთხის თავიდან აცილებისა და სწორი განვითარების მიზნით.