"ნებისმიერ ადამიანის მიმართ, ირაკლი ოქრუაშვილი იქნება თუ სხვა, სამართალდამცავებს უნდა მიეცეს სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების საშუალება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში კახა კახიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა ოქრუაშვილი პოლიტპატიმრად ცნო, თუ სასამართლო დამნაშავედ ცნობს, უნდა დაისაჯოს.
"პოლიტპატიმრის სტატუსი ნებისმიერ ადამიანს მათ შორის ოქრუაშვილს ჩადენილი დანაშაულის პასუხისგებისგან არ ათავისუფლებს", - განაცხადა კახიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში და აღნიშნა, რომ ოქრუაშვილს აქვს იმედი, რომ მისი მისამართით გამოძიება ობიექტური იქნება.
"ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში არ ჩამოდიოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, რადგან მიიჩნევდა - არ არსებობდა საკმარისი გარანტია, რომ მიეცემოდა უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა. ახლა ოქრუაშვილი იმის გამო ჩამოვიდა, რომ გაუჩნდა განცდა - გამოძიება მისი მისამართით ობიექტური იქნება", - განაცხადა კახიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოქრუაშვილმა სურვილის არსებობის შემთხვევაში წინა ხელისუფლება უნდა ამხილოს.
"ბუნებრივია, თუ ოქრუაშვილს ექნება სურვილი ამხილოს რომელიმე ადამიანი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში - ეს მისი მოვალეობაა. ოქრუაშვილის გარდა პროკურატურაში უამრავი განცხადება შედის, სადაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს სხვადასხვა დანაშაულის გამო ამხელენ", - განაცხადა კახიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროკურატურა დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.
"ერთია, რომ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში ბევრი ადამიანი იყოს მხილებული, მაგრამ მხოლოდ განცხადება საკმარისი არ არის. ბრალის წასაყენებლად აუცილებელი უტყუარი მტკიცებულებები", _ განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოსვლისას სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის კოდექსის 342, 332, 338 მუხლების საფუძველზე დააკავეს.