9 თებერვალს, 16:00 საათზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
სესია 2 თებერვალს, ბიუროს სხდომით უკვე გაიხსნა, 9 თებერვალს კი 2010 წლის საგაზაფხულო სესიაზე პლენარულის ფორმატით, დეპუტატები პირველად შეიკრიბებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თურქეთში სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრება, შესაბამისად სხდომას ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი წარუძღვება.
პარლამენტი ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას მეორე მოსმენით მიიღებს. დეპუტატები, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციაში ცვლილებას მეორე მოსმენით შეიტანენ.
საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - საკრებულოების რიგგარეშე არჩევნები არა უგვიანეს 2010 წლის 1-ლი ივნისისა უნდა ჩატარდეს. თავად არჩევნები კი მის ზუსტ თარიღამდე 2 თვით ადრე უნდა დაინიშნოს.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არჩევნები 30 მაისს დაინიშნება, თუმცა ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები რამდენიმე კვირით გადმოწიოს.
დღესვე პარლამენტი მოზარდებთან მიმართებაში სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციის და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის შეცვლის საკითხებს პირველი მოსმენით განიხილავს.
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ ~სისხლის სამართლის კოდექსში~ შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის 12-დან 14 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ხოლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.
ამასთან, პროექტის მიხედვით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მას არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, პროკურორი უფლებამოსილია, დასაბუთებული დადგენილებით, მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო.
კანონმდებლობიდან ამოღებული იქნება ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
დეპუტატები იმსჯელებენ სასჯელის შეკრებითობის პრინციპის საკითხზედაც.
კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე ვალდებული აღარ იქნება სასჯელები სრული მოცულობით შეკრიბოს. კერძოდ, თუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს თითოეული დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ამ შემთხვევაში სრულად რჩება ყველაზე მძიმე ერთი ძირითადი სასჯელი, ხოლო დანარჩენი სასჯელები შესაძლებელი იქნება განახევრდეს და საბოლოო სასჯელი ისე შეიკრიბოს. თუმცა, სასჯელების განახევრება მოსამართლის დისკრეცია იქნება.