"რეგიონების პარტია" ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებას უკვე ზეიმობს.
ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა უკვე გადაუხადა თავად იანოკოვიჩმაც.
"ყველას გილოცავთ. ჩვენ გამარჯვებამდე რთული გზა გავიარეთ. ხალხს ცვლილებები შევთავაზეთ, რომელიც უკრაინას ასე სჭირდება და მათ მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. გმადლობთ - თქვენთან ერთად მე მთელი უკრაინა შემოვიარე და ვნახე ხალხი, რომელთაც აღარ სურთ ასე ცხოვრება, ისინი ცვლილებებს ითხოვენ და ამისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია", - ასე მიმართა იანუკოვიჩმა ეგზიტ-პოლების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში საკუთარ მხარდამჭერებს.
ამასთან, იანოკოვიჩი ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადებამდეც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ კრიზისის კვალი წაშალოს და ეკონომიკურად გაძლიერდეს.
"ჩვენ არ უნდა ვეძებოთ მტრები ჩვენს ქვეყანაში და პოლიტიკაში. ჩვენ ერთად უნდა გავძლიერდეთ და ვებრძოლოთ ისეთ მტერს, როგორიცაა სიღარიბე, უპასუხისმგებლობა და კორუფცია. ჩვენ უნდა ავაშენოთ წარმატებული და ძლიერი სახელმწიფო. მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა საშუალება გაგვეხსნა ახალი გვერდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", - განაცხადა იანოკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 თებერვალს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, იანიკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს შორის სხვაობა 3-დან 4 %-მდე მერყეობს.