პლანეტის ზესახელმწიფოს პირველი პირის არჩევნები, როგორც წესი, მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ექცევა. დედამიწა ინტერესით და მოლოდინით ადევს თვალყურს ცვლილებებს იმ ქვეყანაში, სადაც თითოეული მოვლენა, ფაქტობრივად, გლობალური ცვლილებების საფუძველი ხდება.
გასული არჩევნების დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაარღვია მსოფლიოში გამეფებული მითი იმის შესახებ, რომ ქვეყანა, რომელიც თავისუფლების სიმბოლოდ და დემოკრატიის ოაზისად იქცა, ფერადკანიანის სახელმწიფოს მეთაურად არჩევისათვის მზად ჯერ კიდევ არ იყო და პრეზიდენტად დემოკრატი, მოტივირებული და ფაქტობრივად, პაცეფისტური ლოზუნგებით მოსული ობამა აირჩია. ობამა ერაყის ომით, ასევე, რესპუბლიკელების შიდა, კონსერვატიული და სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილო ამერიკელებისათვის მისაღები აღმოჩნდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ექსპერტების ნაწილი ახალ პრეზიდენტს მაშინ დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებდა და მიიჩნევდნენ, რომ მას მხოლოდ ერთი ვადით ეწერა "თეთრი სახლის" მასპინძლის სტატუსის მიღება.
მოგვიანებით, ობამამ საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებში გარკვეული კორექტირება შეიტანა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "არაბული გაზაფხულის" შემოქმედად და ავტორად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევდნენ, ლიბიის დაბომბვასა და მთელ რიგ პროცესებში გადამწყვეტი როლი მაინც ევროპულმა ქვეყნებმა შეასრულეს. რაც შეეხება სირიას, რომელიც დასავლეთისთვის კიდევ ერთი დამაბრკოლებელია ირანის ისლამური რეჟიმის შესუსტებისაკენ მიმავალ გზაზე, ობამას ხელისუფლებამ მისი შიგნიდან გატეხვის პოლიტიკა არჩია ხისტ თავდასხმას, რითაც თეირანის მოკავშირე ბაშარ ასადის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეარყია.
ამჟამად, უკვე მეორე ვადით არჩეული ბარაკ ობამა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაპირდა ამერიკელებს, რომ მათ ცხოვრებაში "უკეთესი დრო დადგება". ამის დაპირება პრეზიდენტმა ჩიკაგოში, ამომრჩევლების წინაშე გამოსვლისას გასცა, აღსანიშნავია, რომ ჩიკაგო არის ქალაქი, სადაც ობამამ თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო.
"ჩვენ გვჯერა გულუხვი და ტოლერანტული ამერიკის" - ციტირებს ობამას სიტყვებს "ბი-ბი-სი". დემოკრატმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი სიძნელეები მხოლოდ ერთად დგომით უნდა გადაწყვიტონ. ამერიკული მსხვილი მედიასაშუალებების უკანასკნელი მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ამომრჩეველთა კოლგიაში მინიმუმ 303 ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგ, რესპუბლიკელმა მით რომნიმ კი მხოლოდ - 206.
საინტერესოა, რომ ობამას პოსტზე დარჩენით მეტად კმაყოფილნი დარჩნენ ისეთი სახელმწიფოების მეთაურები, რომელნიც ამერიკის შეერთებული შტატების რადიკალურ სტრატეგიულ მოწონააღმდეგეებად ითვლებიან. მაგალითად, ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი დიდი ხანია არ მალავს, რომ ის, მით რომნისგან განსხვავებით, ობამას მიმართ სიმპატიით არის განწყობილი. ჩავესმა ობამას "კარგი ბიჭი" უწოდა და აღნიშნა, რომ ობამას პრეზიდენტობას მიესალმება, მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების "აგრესიულ-იმპერიალისტურ პოლიტიკას აგრძელებს".