ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და კიდევ 40-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა პოლონეთის განცხადებას, რომელიც გაერო-ში პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით გაკეთდა.
დასავლელმა მოკავშირეებმა ვარშავას სრული სოლიდარობა გამოუცხადეს და დაგმეს რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევა.
ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარცინ ბოსაცკიმ, ერთობლივი განცხადება წაიკითხა, რომელშიც მოსკოვი საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების დარღვევაშია დადანაშაულებული.
დოკუმენტს ასევე შეუერთდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერო-ში.
განცხადება ასევე შეიცავს მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიის ომი.
„2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან პირველად, პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობა და, ამავდროულად, ნატო-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ და მასობრივი მასშტაბით დაირღვა. ამ აღმაშფოთებელ ინციდენტს წინ უძღოდა წარსულში რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის სხვადასხვა დარღვევა. შესაბამისად, პოლონეთმა, პირველად თავის ისტორიაში, გადაწყვიტა, მოეთხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, პრევენციული დიპლომატიის სულისკვეთებით. სხდომის მოთხოვნა მოხდა, რადგან რუსეთის უგუნური ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან ბოლო წლებში ყველაზე მეტად აახლოებს. ასეთი პროვოკაცია ღრმა უპატივცემულობაა საერთაშორისო საზოგადოების კოლექტიური და დაუღალავი ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას და მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.