ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დაკავებული ლევან ხაბეიშვილი, თავს მხნედ გრძნობს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სუს-ში ხაბეიშვილთან შესვლამდე განუცხადა.
მისი თქმით, ოჯახის წევრებს ხაბეიშვილთან არ შეატანინეს მაისური, რომელსაც ეხატა საქართველოს დროშა და ეწერა 4 ოქტომბერი
„საქართველოს არ ახსოვს, რომ პოლიტიკოსი დაეკავებინოთ პოლიტიკური განცხადებაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე შეეზღუდა სამართლებრივი უფლებები, მას 6 საათის განმავლობაში არ მისცეს უფლება, რომ შეხვედროდა ადვოკატებს. მას ყველა უფლება შეუზღუდეს. მაისური, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა, ოჯახის წევრებს არ შეაგზავნინეს. ლევან ხაბეიშვილს, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მედროშეს, რომელსაც უნდოდა, რომ საქართველოს დროშა აეწია მაღლა ყველაზე ძლიერად, ეს მაისური არ შეაგზავნინეს რომ ჩაეცვა.
ლევან ხაბეიშვილი არის ძალიან ძლიერად, ძალიან მაგრად და ყველას მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ , რადგანაც თუ ერთ ადამიანს შეეძლო და შეუძლია ეს ყველაფერი, მას მილიონობით ადამიანი აუცილებლად შეძლებს“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.