დღეიდან სატელეფონო საუბრების მოსმენა, ინტერნეტ-კონტროლი და მსგავსი უკანონო ქმედებები სამართალდამცველების მხრიდან აიკრძალება - ამის შესახებ შს მინისტრმა უწყებაში პირველ სამუშაო დღეს განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი პოლიციის დეპოლიტიზაცია და სამართალდამცველების ხალხის სამსახურში ჩაყენება იქნება.
ღარიბაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა ბოლომდე აქვს გააზრებული, მის მიერ დაქვემდებარებული უწყება კი დანაშაულის მიმართ შეუწყნარებელი იქნება.
შს მინისტრმა დღეს საკადრო პოლიტიკაზეც ისაუბრა - მისი თქმით, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას არ გეგმავს, თუმცა გარდა კუდ-ის და სოდ-ის გაუქმებისა, სისტემაში სხვა სტრუქტურული ცვლილებებიც იგეგმება :
"გამოვაცხადებთ რეორგანიზაციას და შეიქმნება ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც რეფორმების და განვითარების ეროვნული ბიურო დაერქმევა. ისინი დასახავენ სამინისტროს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას," - განაცხადა მინსტრმა.
ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერს, მთავრობას და შემდეგ უკვე - საზოგადოებას საკუთარი მოადგილეობის ვინაობას ორშაბათს ან სამშაბათს გააცნობს. იგი არ გამორიცხავს, რომ პოსტს ძველი მინისტრის რამდენიმე მოადგილე შეინარჩუნებს.