ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ ჰერემმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივები უნდა გამოიყენოს, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ მოსკოვი ასეთი ნაბიჯისთვის ევროკავშირის ქვეყნებს „დასჯით“ დაემუქრა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ჰერემის განცხადებით, ესტონეთისთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა როგორც ევროკავშირის დონეზე, ისე ორმხრივ ფორმატში და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით.
„ესტონეთის პოზიციიდან გამომდინარე, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის დონეზე, ორმხრივ საფუძველზე და გაყინული აქტივების გამოყენებით“, - განაცხადა ჰერემმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში.
მისივე თქმით, ეს აუცილებელია გაკეთდეს „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამის გამო ჩვენ დასჯით იმუქრება და რუსეთის სპეცსამსახურები დივერსიულ მოქმედებებს ახორციელებენ“.
ჰერემმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთი უკრაინის მხარდაჭერას მშპ-ის 0.25%-ის ოდენობით გააგრძელებს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირში გაყინული ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაბრუნებას მიაღწევს და ევროპულ სახელმწიფოებს მათი უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაემუქრა.