ახალი მთავრობა სამართლიანი სასჯელის პოლიტიკის განხორციელებას აპირებს. როგორც სამთავრობო პროგრამაში - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" - არის აღნიშნული, გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით და გათვალისწინებული იქნება სამართლიანი სასჯელის დანიშვნის საუკეთესო მოდელები; დადგინდება სასჯელად გამოყენებული ფულადი ჯარიმის ზედა ზღვარი; გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის; სასჯელის მოხდის რეჟიმი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და სრულად იქნება დაცული ადამიანის უფლებები.
საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გახდება სამართლიანი, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესები. ამასთან, განსაკუთრებით შეეწყობა ხელი ორგანიზებული თუ სხვა სახის დანაშაულის გამოვლენასა და გამოძიებას. აიკრძალება საპროცესო შეთანხმების დადება არასრულწლოვანთა საქმეებზე; უპირატესობა მიენიჭება აღდგენით მართლმსაჯულებასა და რესოციალიზაციის პოლიტიკის განხორციელებას; პირობითი მსჯავრის გამოყენება მოხდება არა მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დადებისას, არამედ სასამართლოს მიერ, მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი დამნაშავის მიმართ, კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლიანი საფუძვლებით. პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნას გადაწყვეტს მხოლოდ სასამართლო.
შეიზღუდება პროკურატურის განუსაზღვრელი უფლებამოსილება. გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებების დასაცავად სასამართლოში გასაჩივრდება შემაჯამებელი საპროცესო დოკუმენტები; გაძლიერდება ადვოკატურის ინსტიტუტი, რათა სრულად ამოქმედდეს შეჯიბრებითობის პრინციპი და ბოლო მოეღოს პროკურორის დიქტატს გამოძიების ეტაპზე და სამართალწარმოების პროცესში; ათასობით უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად გონივრულ ვადებში გადაისინჯება მათი საქმეები.