ღმერთმა დალოცოს საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მედიის წარმომადგენლების შეკითხვა ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტს შეეხებოდა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც აშშ და სხვა ნებისმიერ სუვერენული ქვეყანა საკუთარი ხალხის ინტერესებით მოქმედებს, ასე მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებით.
„ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, როგორც თქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ჩვენ სისხლით მოვიპოვეთ, განსხვავებით ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან. სისხლით მოპოვებული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა გულისხმობს, რომ ქართველი ხალხი თავად განსაზღვრავს მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და განსაზღვრავს იმას თუ რა არის მისთვის კარგი. როცა ვსაუბრობთ შუა დერეფნის ფუნქციაზე, ისტორიულად არსებულ შესაძლებლობაზე ევროპასა და აზიას შორის ხიდის გადებისა, რა გგონიათ თქვენ ამ ხიდში რა იგულისხმება? - აქ იგულისხმება ევროკავშირი და ჩინეთი. მათ შორის ვაჭრობა, სადაც მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ. ასე რომ, როგორც აშშ და სხვა ნებისმიერ სუვერენული ქვეყანა საკუთარი ხალხის ინტერესებით მოქმედებს, ასე ვმოქმედებთ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებით. ასე რომ, ღმერთმა დალოცოს საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით, შანხაიში ვიზიტს გამართავს.