ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი არ არის წინააღმდეგი ევროპამ უკრაინისთვის იარაღი სერბეთიდან შეიძინოს.
„მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა ისეთად ვჩანდე, ვინც მეომარ მხარეს საბრძოლო მასალით ამარაგებს, ევროპას საბრძოლო მასალა სჭირდება.მე შევთავაზე ჩვენს მეგობრებს ევროპაში, რომ დადონ შეთანხმება და ჩვენგან შეიძინონ ყველაფერი, რაც გვაქვს. ეს ფენომენალური წვლილი იქნებოდა ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განუცხადა ვუჩიჩმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ სერბეთის საწყობები „სავსეა საბრძოლო მასალით“, განსაკუთრებით ნაღმტყორცნების ჭურვებით.
როდესაც სერბეთში შეძენილი საბრძოლო მასალის უკრაინაში შემდგომი გადატანის შესაძლებლობაზე ჰკითხეს, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „მყიდველებს შეეძლებათ მათთან რაც სურთ, ის გააკეთონ“.
„ჩვენ მხოლოდ გრძელვადიანი კონტრაქტები გვჭირდება, რათა დაგეგმვა შევძლოთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სერბეთი ნეიტრალური ქვეყანაა. მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ევროპულ შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.