უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები მერაბ ტურავა და ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ, რაც ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, თეა სიჭინავას გადაცემა "კვირის არგუმენტებში" ყოფილმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არავითარი მორალური და სამართლებრივი უფლება არ აქვს, რომ გააკეთოს განცხადება, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. ყოფილი მოსამართლე კონსტანტინე კუბლაშვილს ახსენებს 2005 წლის შემოდგომაზე მის სამუშაო ოთახში მათ შორის შემდგარ საუბარს და იმასაც თუ როგორ აიძულებდა მოსამართლეებს დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
"როგორც კი დაინიშნება მთავარი პროკურორი, შეიქმნება სამართალდამცავი სისტემა, ახალი პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, მე, ასევე უზენაესის სასამართლოს მინიმუმ 3 ყოფილი მოსამართლე, ვფიქრობთ საჩივარი შევიტანოთ სწორედ კონსტანტინე კუბლაშვილის წინააღმდეგ და მას კონკრეტულად დავდოთ ბრალი იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც მან ჯერ კიდევ 2005 წელს ჩაიდინა. კონკრეტულად - არის ასეთი მოსამართლე, რომელი პრესაში გახმაურდა, ილიაშვილი , რომელსაც კუბლაშვილი აძალებდა ხელი მოეწერა განცხადებაზე სამსახურიდან წასვლის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას არავითარი კონკრეტული სამართალდარღვევა არ ჰქონდა", - განაცხადა ტურავამ და კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლის, ლალიაშვილის ისტორია გაიხსენა, რომელსაც ბრემენში ყოფნის დროს კუბლაშვილი ურეკავდა და აიძულებდა განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წასულიყო. მისივე თქმით, იყვნენ მოსამართლეები, რომლებმაც დაწერეს განცხადება და წავიდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთები, რომლებიც ბოლომდე დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ სიმართლეში და ეს განცხადება არ დაწერეს, არ წავიდნენ.
"მე ვფიქრობ დადგა დრო, იმისა, რომ სამართლიანობამ იზეიმოს. ყველას ახსოვს ალბათ ის სამარცხვინო კადრები, როდესაც ექიმებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ღამის 3 საათზე უნდოდათ გადაწყვეტილება მიეღოთ ჩვენს წინააღმდეგ დისციპლინური დევნის. გვარამია, რომელიც გამოცხადდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმს აძალებდა, გაეცა სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, რომ, მე ვიყავი ჯანმრთელი. ყოველივე ამან აღაშფოთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მაშინ სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდა პერსონალურად ჩემთან და მზად იყვნენ ჩემთვის პოლიტიკური თავშესაფარიც კი მოეცათ, თუ ასეთი ძალადობა ჩვენს წინააღმდეგ გაგრძელდებოდა", - განაცხადა ტურავამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ეს გარკვეულწილად, იმპიჩმენტის პროცედურისკენ მიდოდა თუ არა, ყოფილმა მოსამართლემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ რასაკვირველია, კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაში ისინი დიდ წვლილს შეიტანენ.
"რასაკვირველია, ჩვენ დიდი წვლილს შევიტანთ. ვპირდებით ბატონ კონსანტინე კუბლაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინა ცხოვრებაშიც - სანამ მოსამართლეები ვიქნებოდით, ვიყავით თანამოაზრეები, მეგობრები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ღირსეული წარმომადგენლები. მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ბატონი კოტე გაამწესეს, უზენაეს სასამართლოში, გარკვეული იმედის მომცემიც იყო. მე მახსოვს ფიცის ტექსტი როგორ მივარბენინე, რომ ბატონ კოტეს ერთგულად დაედო ფიცი მოსამართლეების წინაშე, მაგრამ შემდგომ არასასურველი გარემოებები განვითარდა. ბატონი კოტეს გაკეთებული განცხადებები არის გაბრძოლება იმ სისტემის შესანარჩუნებლად, რომლის მძევალიც ის თვითონაც აღმოჩნდა. ის ცდილობს მორალურად გაამხნევოს მოსამართლეები და უთხრას, რომ თუ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მართლმსაჯულების განხორციელებას, ისინი გარკვეულწილად , დაცულები აღმოჩნდებიან. თუმცა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოსამართლეთა უმრავლესობას, ისვე არ მიაჩნია ღირებულად ბატონი კოტეს განცხადებები ზეწოლის თაობაზე, როგორც ამას საზოგადოება აღიქვამს", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.