ხაშურში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბაჩო ქიტიაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. როგორც ქიტიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მიზეზი ხაშურში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ვალერი გელაშვილისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლაა.
"გრძელდება დაუფარავი აგრესია, როგორც ჩემი შტაბის წევრების, ისე საოლქო საუბნო კომისიის წევრების მიმართ. ამ პირობებში ხაშურში ჩემი მონაწილეობა შეუძლებლად მიმაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე, უარი ვთქვა განმეორებით არჩევნებში. მე გამოვთქვამ იმედს, რომ ძალადობა და შანტაჟი სამომავლოდ არ დარჩება უყურადღებოდ და იქნება რეაგირება", - განაცხადა ქიტიაშვილმა.
ცნობისთვის, ხაშურის საარჩევნო ოლქის -№ 3, №8, №10, №45, №46 უბნებზე ხვალ განმეორებითი კენჭისყრაა დანიშნული.