საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან, კრისტოფ ჰოისგენთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს. აღინიშნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალი დონე და მისი მნიშვნელობა. ფედერალური კანცლერის მრჩეველი დაინტერესდა ხელისუფლების გადაბარების მიმდინარეობით და საქართველოს საგარეო პოლიტიკის სამომავლო პრიორიტეტებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებებით და ხაზი გაუსვეს ამ პროცესის შეუქცევადობის აუცილებლობას.
კიდევ ერთხელ დაფიქსირდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკისადმი. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველმა კრისტოფ ჰოისგენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.