თბილისი.24.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". ''ლეიბორისტული პარტიის'' ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონსა და მოსკოვში ვიზიტებს გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა თავად განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს ბუშის დანატოვარი ნაღმებისგან დედამიწის გათავისუფლებას. ამ მემკვიდრეობიდან "ყველაზე საშიში გეოპოლიტიკური ბირთვული ბომბი სეპარატიზმის დე-იურე აღიარებაა კოსოვოში, რაც როგორც პრეცედენტი დაუყოვნებლივ გამოიყენა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს დასაშლელად".
"მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე 200-მდე სახელმწიფოა დაფიქსირებული. ამ პროცესის შეუქცევადობა დამთავრდება პლანეტარული კატასტროფით, რადგან დედამიწაზე მცხოვრები მინიმუმ 8 ათასი ეთნიკური ჯგუფიდან დიდი უმრავლესობა აუცილებლად მოითხოვს დამოუკიდებლობას", - განმარტა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტების'' ლიდერი მოუწოდებს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს ერთდროულად გააბათილონ გადაწყვეტილება კოსოვოს, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი აღიარების შესახებ.
ნათელაშვილის თქმით, ის იწყებს ვიზიტებს ვაშინგტონსა და მოსკოვში, რათა ადგილზე პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებით დააჩქაროს ამ პრობლემის გადაწყვეტა.