ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები "არსებულ რელობას არ ითვალიწინებს" და ამიტომაც თუკი "ყოველივე ძველებურად გაგრძელდა", ოსი სეპარატისტები ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.
მისი თქმით, ე. წ. სამხრეთოსურმა დელეგაციამ დაარწმუნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარეკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს მხრიდან იმაში, რომ ჯენევის მოლაპარაკებები ჩიხში ექცევა.
"ჟენევის მოლაპარაკებებზე თავდაუსხმელობის ხელშეკრულებისა და ჩვენი უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საკითხის გარდა, ასევე მიმდინარეობდა საუბარი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის განახლებაზე, რომლებშიც მონაწილებაზე უარი ვთქვით, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ მოგვაწვდის", _ აცხადებს ჩოჩიევი.
ჩოჩიევის თქმით, სეპარატისტთა აღშფოთება მოლაპარაკებებზე გამოიწვია იმან, რომ "ჩვენი სახელმწიფო საზღვარი დოკუმენტებში ადმინისტრაციულ საზღვრად იწოდება. განვაცხადეთ, რომ სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოა", _ განაცხადა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ ჟენევის დისკუსიევი არსებულ რეალობებს არ ითვალიწინებს.
"ამიტომაც განვაცხადეთ, რომ თუ ყოველივე ასე გაგრძელდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს ვიტყვით", _ განაცხადა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ "ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობას სამხრეთ ოსეთისათვის მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი".
"თუკი მორიგ, მეათე რაუნდზე მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი წინ წაწევა არ იქნება, სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო დონეზე მუშაობის სხვა ფორმატების ძებნას დაიწყებს. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე მიდის", _ განაცხადა ჩოჩიევმა.