გალის რაიონში ჩასულმა ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხების უმაღლესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა გალის რაიონის ე. წ. ადმინისტრაციის უფროს ბესლან არშბასთან გალის რაიონის მცხოვრებლების აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
არშბას ინფორმაციით, ვოლებეკს გალელი მოსწავლეების ქართულ ენაზე სწავლის, ჯანდაცვისა და ქართულ-აფხაზური საზღვრის გადაკვეთის საკითხები აინტერესებდა.
"ავუხსენი ბატონ ვოლებეკს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ჰუმანიტარული მიზნებით სურს საზღვრის გადაკვეთა, არავითარი პრობლემა არ არსებობს. უბრალოდ, აუცილებელია წესების დაცვა. ასევე შევახსენე უმაღლეს კომისარს, რომ გადაკვეთის რეჟიმის გამკაცრება მდინარე ენგურზე დაკავშირებულია ტერორისტულ იერიშებთან, რომლებიც გალის რეგიონში უკვე წლებია ხორციელდება", _ განაცხადა არშბამ.
არშბამ განუცხადა ვოლებეკს, რომ გალელ მოსწავლეებს მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება აქვთ და ისინი განათლებას ქართულ ენაზე იღებენ. გალის რაიონის რუსულ სკოლებში ასევე ისწავლება ქარრთული ენა და ლიტერატურა.
"აფახეთში მცხოვრებ ყველა ერს აქვს თავის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება", _ განაცხადა არშბამ ვოლებეკს.
ვოლებეკმა განაცხადა, რომ გალელ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მშობლიურ ენაზე ისწავლონ აფხაზეთის ისტორია და გეოგრაფია.
დღის მეორე ნახევარში ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხების უმაღლესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლები მოინახულა და პირველი ოტობაიას და ნაბაკევის მოსახლეობას შეხვდა.