საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმსა და ხელვაჩაურშიც იმყოფებოდა, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობს. ქვეყნის პირველი პირი ამომრჩეველთა აქტივობით დაინტერესდა და მოსახლეობასაც გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ამ არჩევნებით თითოეული ოჯახის ბედი წყდება.
„დღეს მთელი საქართველო მოვიარე და მინდოდა, ბათუმელებისთვისაც მეთქვა, რომ ახლა სახლში დარჩენის დრო არ არის. ეს ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. ეს ქალაქი მართლაც არის საქართველოს გვირგვინი და თუ ამ ქალაქში არ იქნება აქტივობა, სად უნდა იყოს?! დანარჩენებსაც მინდა ვუთხრა, რომ ყველა მივიდეს საარჩევნო უბნებზე, რადგან ამ არჩევნებზე წყდება საქართველოს ბედი არა მხოლოდ 4 წლის, არამედ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. ძალიან მშვიდი და წყნარი გარემოა, საარჩევნო პროცესი ძალიან ორგანიზებულად მიმდინარეობს, რაც რეალურად იგრძნობა და ეს ძალზე მახარებს. ახლა წყდება საქართველოსა და ამ კუთხის, ამ ქალაქის - ჩვენი სიამაყის ბედი. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.