"ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს. როგორც თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდა.
"არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადგილი აქვს გარკვეულ ინციდენტებს. ამიტომ მინდა სასწრაფო განცხადება გავავრცელო ყველაზე ცუდი და შემაშფოთებელი ფაქტის შესახებ. სულ რამდენიმე წუთის წინ ლაგოდეხის რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე სოფელ ცოდნისკარში განთავსებულ #8 საარჩევნო უბანზე მივიდა რვა ავტომანქანისა და აქტივისტების თანხლებით. ამ ჯგუფმა სასტიკად სცემა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორი მხარდამჭერს და ეს ორი ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში", _ განაცხადა თაქთაქიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების არსებობა შემაშფოთებელია, მით უფრო, როცა ამაში მაჟორიტარი კანდიდატი მონაწილეობს.
მისი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის კანდიდატი აგიტაციას ეწეოდა.
"ბოლნისის #55 საარჩევნო უბანში "ქართული ოცნების" სიის 155-ე ნომერი რამინ ბაქიროვი ეწეოდა აგიტაციას", - განაცხადა თაქთაქიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა.