დიდი ჯიხაიშის #26 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები თბილისიდან ჩამოყვანილი მიკროავტობუსებით გადაჰყავდათ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დიდი ჯიხაიშის პოლიციის თანამშრომლებმა შეურაცყოფა მიაყენეს "ქართული ოცნების" აქტივისტებს და მძღოლებს, მიკროავტობუსები ჩამოართვეს, გადაიყვანეს საჯარიმოზე და ამომრჩევლები ჩამოყარეს მიკროავტობუსებიდან.
"ამ ყველაფერს კურირებდა "ქართული ოცნების" აქტივისტებზე მონადირე სამტრედიის პოლიციის უფროსი, ზვიად ობოლაძე", - განაცხადა ჩრდილელმა.
მისი განცხადებით, გარდა ამისა, #5 საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს აკლდა 3 ბიულეტენი.
"რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას "კარუსელისთვის". ", - განაცხადა ჩრდილელმა.
მისი განცხადებით, #21 საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფება ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მოქმედი დეპუტატი ავთანდილ სტურუა.