დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. მისიაში, რომელშიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შედის, არიან: აშშ-ის კონგრესის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები, ყოფილი დიპლომატები და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რეგიონალური ექსპერტები.
მისიას ხელმძღვანელობენ: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი ნიუ-იორკიდან გრეგორი მიკსი - საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი და ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის მაღალჩინოსანი; აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი წევრი კონეკტიკუტიდან და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სემ გეჯდენსონი; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ელჩი და ამჟამად სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი; და NDI-ის პრეზიდენტი კენეთ უოლაკი.
დელეგაციის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა. NDI მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ კონკურენტული არჩევნებია ხოლო ამომრჩეველი რეალური არჩევანის წინაშე დგას. ინსტიტუტი საზოგადოებას საარჩევნო პროცესში ფართო და კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში არჩევნების სანდოობასა და მნიშვნელობას ქართველი ხალხი განსჯის. NDI საქართველოში პარლამენტის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 1994 წლიდან მუშაობს.
თბილისში დელეგაციის წევრები კანდიდატებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს, ასევე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
დელეგაცია ივნისში პოლიტიკური გარემოსა და საარჩევნო სამზადისის შესაფასებლად ჩამოსული NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის და აგვისტოს დასაწყისიდან ქვეყანაში მყოფი NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების ანალიზს დაეყრდნობა. წინასაარჩევნო დელეგაციის წევრები იყვნენ: რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის მდივანი (შტატში არჩევნებზე პასუხისმგებელი არჩეული თანამდებობის პირი); სემ გეჯდენსონი, პერ ეკლუნდი, კენეთ ვოლაკი და ლუის ნავარო..
თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრებიან, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან. არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას დააკვირდებიან, რის შემდეგაც დაკვირვებების შესაჯამებლად თბილისში შეიკრიბებიან და არჩევნების დღეზე დაკვირების წინასწარ ანგარიშს მოამზადებენ. დელეგაციის წინასწარი ანგარიში პრეს- კონფერენციაზე გამოქვეყნდება, რომელიც, სავარაუდოდ, 3 ოქტომბერს გაიმართება.
NDI-ს სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
NDI-ს დელეგაციას აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ასევე USAID-ის მხარდაჭერით NDI არჩევნებზე დაკვირვებაში მიუკერძოებელ სამოქალაქო ჯგუფებს ეხმარება.
NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისა და განმტკიცებისათვის მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები