"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ტატა ხუნწარიამ წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება რუსთავის N16 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებებში მოყვანილ ფაქტებზე. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობოს "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადებში.
2012 წლის 23 სექტემბერს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საგანგებო მონიტორინგი განახორციელა რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც შეხვდა და გაესაუბრა იქ განთავსებულ პატიმართა დიდ უმრავლესობას.
როგორც მონიტორინგის დროს გაირკვა, დღის პირველ ნახევარში მსჯავრდებულები მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს მიმდინარე მოვლენების მიმართ და მოითხოვდნენ N16 დაწესებულების ზოგიერთი თანამშრომლის დასჯას. ისინი ასევე მოითხოვდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრას.
მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველს გადასცეს 336 ინდივიდუალური საჩივარი და კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 416 მსჯავრდებული. ამასთან, მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ უკვე მონახულებულ მსჯავრდებულებსაც სურთ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს გადასცენ ანალოგიური ახსნა-განმარტებები. ამ მიზნით სახალხო დამცველის წარმომადგენლები განმეორებით მონიტორინგს N16 დაწესებულებაში უახლოეს დღეებში ჩაატარებენ. ახსნა-განმარტების მიცემისა და საჩივრების გადმოცემის პროცესი განხორციელდა მშვიდობიანად და ორგანიზებულად. მსჯავრდებულებმა თავად უზრუნველყვეს ხელმოწერების შეგროვება და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის გადაცემა.
მსჯავრდებულების განცხადებით, რუსთავის N16 დაწესებულების ძველი ადმინისტრაციის პირობებში რეგულარულად ხორციელდებოდა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც გამოიხატებოდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უსამართლო და უმიზეზო დასჯაში.
მსჯავრდებულების გადმოცემით, ადმინისტრაციის თანამშრომლები რეგულარულად შედიოდნენ საკნებში, ძირს უყრიდნენ ტანსაცმელს, ხატებს, მათ კუთვნილ სხვა ნივთებს. სამარტოო საკანში ჩაყავდათ მარტო იმიტომ, რომ შემდეგ ვეღარ ესარგებლათ ხანგრძლივი პაემნის უფლებით. ასევე, მსჯავრდებულთა თქმით, შემოწმების დროს მათ უნადგურებდნენ წყლის მარაგს და შემდეგ რამდენიმე დღით უკეტავდნენ წყალს საკნებში, მაშინ, როდესაც დაწესებულების დანარჩენ ტერიტორიაზე წყალი ჩვეულებრივად მოდიოდა. დაწესებულებაში სტუმრის მოსვლის შემთხვევაში კეტავდნენ ფანჯრებს, გამორთავდნენ ვენტილაციას და უჰაერო საკანში ტოვებდნენ გარკვეული ხანი.
მსჯავრდებულთა თქმით, ადმინისტრაცია თავისი შეხედულებისამებრ რამდენიმე დღით რთვდა ტელეფონს, ხშირად - რამდენიმე კვირითაც.
ასევე, მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით გაუსაძლისი მათი მდგომარეობა გახდა ყოფილი დირექტორის, ვაჟა ცხვედიანის მოსვლის შემდეგ, რომელიც მოადგილესთან, დავით მუმლაძესთან და უსაფრთხოების უფროსთან, ილო ლუტიძესთან ერთად პირადად სცემდა კარცერში განთავსებულ მსჯავრდებულებს, რასაც სხვები მობილურით იღებდნენ.
გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, მსჯავრდებულები ასახელებენ შემდეგ თანამშრომლებს: რეჟიმის ოფიცერი გიორგი ჯღარკავა, ოფიცერი თემურ კორშია და აღნიშნავენ, რომ ეს სია არ არის ამომწურავი.