15 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, 21-ე პაკეტს განიხილავენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ევროკომისიის მიერ მიმდინარე კვირაში წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, დღის წესრიგის პირველი საკითხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი იქნება.
„მოსალოდნელია, რომ დისკუსია რუსეთზე ზეწოლის შემდგომ გაძლიერებაზე იქნება კონცენტრირებული“, - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
შეხვედრას შეუერთდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა, რომელიც ევროპელ კოლეგებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, განსახილველი იქნება „საკმაოდ მასშტაბური“ სანქციათა 21-ე პაკეტი, რომელიც ევროკომისიამ მიმდინარე კვირაში წარადგინა და რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას.