რუსეთის ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ რუსეთის ძალები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს გააძლიერებენ, რათა, მისი თქმით, უკრაინას „რუსულ ობიექტებზე თავდასხმის სურვილი დაუკარგონ“.
„იმის გათვალისწინებით, რასაც ისინი აკეთებენ, ჩვენ ვალდებულები ვართ შესაბამისი პასუხი გავცეთ. ამას უკვე ვაკეთებთ და გავაძლიერებთ დარტყმებს მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურაზე, რათა მათ ჩვენს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის სურვილი დავუკარგოთ“, - განაცხადა პუტინმა რუს სამხედროებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, უკრაინის დარტყმები რუსეთის ეკონომიკას ზიანს აყენებს, თუმცა ეს ზიანი, პუტინის შეფასებით, კრიტიკული არ არის.
„რაც შეეხება ეკონომიკას, რა თქმა უნდა, ზარალი არსებობს, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი სწრაფად აღდგება. ისინი ვერანაირ სერიოზულ პრობლემას ვერ შეგვიქმნიან“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის ეს განცხადება უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებითა და შორი მოქმედების იარაღით განხორციელებული გახშირებული შეტევების ფონზე გაკეთდა.
ცნობისათვის, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაფრთხილება გაავრცელეს, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში არსებობს რუსეთის მიერ „კაპუსტინ იარის“ პოლიგონიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების საფრთხე. აღნიშნული პოლიგონიდან რუსები "ორეშნიკის" ტიპის რაკეტას უშვებენ.
უკრაინელი სამხედროები მოსახლეობას მოუწოდებენ, საჰაერო განგაშის სიგნალებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ და უსაფრთხოების წესები დაიცვან.