ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის ორგანიზებით აქცია გაიმართა. ძირითადი მოთხოვნები რეგენტთა საბჭოს გაუქმება, გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნება, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობიდან გადადგომა, სასწავლო ბაზების მოწესრიგება იყო.
აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით, სტვენითა და სკანდირებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შევიდნენ, შემდეგ სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პირველკურსელებთან შეხვედრა მიმდინარეობდა. აქციის ორგანიზატორებმა სტუდენტებს აქციის მოთხოვნები და მოწოდებები გააცნეს, რის შემდეგაც რექტორატთან შეიკრიბნენ. რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მათთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ხმაურისა და აქციის მონაწილეთა მხრიდან შესაბამისი სურვილის არქონის ფონზე დიალოგი ვერ შედგა. ახალგაზრდები სკანდირებით და სტვენით სხვა სასწავლო კორპუსებშიც იმყოფებოდნენ. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისინი დეკანის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი შეხვდა. მისი განცხადებით, გარკვეული მოთხოვნა სამართლიანია და მათ გადაჭრაზე უნივერსიტეტი მუშაობს, კერძოდ, სასწავლო ბაზებთან დაკავშირებით საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, ასევე გაუმჯობესდა ტექნიკური ბაზა, მიმდინარეობს არსებული სისტემის დახვეწა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, კვიტაშვილის თქმით, რეგენტთა საბჭოსთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს გარკვეულ საკითხებზე, მაგალითად, როდესაც ბიუჯეტის დამტკიცება ხდება ან დღის წესრიგშია უნივერსიტეტის ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი, რისთვისაც კერძო სამშენებლო კომპანიის მოწვევაზე რეგენტთა საბჭოს თანხმობაა საჭირო.
"2012 წლის 1-ლი იანვრიდან უნივერსიტეტმა შეიცვალა სტატუსი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გახდა. რეგენტთა საბჭო აკონტროლებს, რომ არ მოხდეს უნივერსიტეტის იმ ქონების გასხვისება, გაყიდვა ან გაქირავება, რომელიც თავის დროზე შექმნა და შეიძინა სახელმწიფომ", - განაცხადა მან.
რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით ლექტორების გათავისუფლების საკითხს, რექტორის თქმით, ეს განცხადება უსაფუძვლოა და აკადემიურ თანამდებობებზე შერჩევა მხოლოდ კონკურსის წესით ხდება. მისი განმარტებით, ზოგიერთ ფაკულტეტზე კონკურსის შემდეგ დარჩა ვაკატური ადგილები და კონკურსანტებს განაცხადის ხელახლა წარდგენის საშუალება მიეცათ და ამ შესაძლებლობას ისინი იყენებენ. თუმცა იყო შემთხვევა, როცა კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია არასრულყოფილად წარადგინეს.
სტუდენტების კიდევ ერთი მოთხოვნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად ანდრო ბარნოვის დანიშვნას შეეხებოდა. როგორც კვიტაშვილმა განაცხადა, აბარნოვი უნივერსიტეტში პირადად მოიწვია და ამჟამად დეკანის მოვალეობას ასრულებს.
"იგი არ არის არჩეული ან დანიშნული. თსუ-ში სიახლეა ის, რომ ახლად მოყვანილ დეკანებს ეძლევათ ექვსთვიანი ვადა, რის შემდეგაც ჩატარდება არჩევნები. ფაკულტეტს, ისევე როგორც სტუდენტებს, ეძლევათ საშუალება, გაიცნონ ახალი დეკანები. ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მათ აირჩევენ ან არ აირჩევენ", - განაცხადა რექტორმა.