პოლიტკონსტრუქტორი იური იურიევი აცხადებს, რომ თეორიულად აფხაზეთს შესანიშნავი ეკონომიკური მომავალი ელის რუსეთთან ერთად. "სუბტროპიკული ხილისა და ყვავილების ექსპორტი, ტურისტების დასვენება და მეგობრებისა და მოკავშირეების სასიამოვნო საუბრები როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო - უბრალოდ, ფული და პატივისცემა უფრო მეტი იქნება", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ "იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთს პოლიტიკური სიამაყე, კონფლიქტურობა და უკულტურობა ჩაითრევს, მაშინ კიდევ ერთი ლიბანი გაჩნდება. მოკლედ, დღეს ყველაფერი აფხაზების ხელშია და ხელები დღეს ძალიან მსუბუქად აქვთ, ვინაიდან მათი დასაჭერი ხმალი და ფარი მათ ნაცვლად რუსეთს უჭირავს", _ აცხადებს იურიევი.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ალი გაჯიზადე კი აცხადებს, რომ აფხაზეთის მაინცდამაინც სახარბიელო მომავალს ვერ ხედავს.
"სამწუხაროდ, აფხაზეთის კაშკაშა მომავლის პერსპექტივებს ვერ დავხატავ, ვინაიდან მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, იგი, უბრალოდ, არ ჩანს. სამხრეთ ოსეთთან შედარებით, აფხაზეთს უფრო მომგებიანი გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი ნამდვილი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება და მით უფრო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. არის რიგი ფაქტორებისა, რომლებიც ამას ეწინააღმდეგება. მათ შორის არის საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების თანხმობის არქონა აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ტერიტორიის, არსებობასთან. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ თავად ის სისტემა, რომელშიც ჩართულია აფხაზეთი, რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას არ გულისხმობს", _ აცხადებს აზერბაიჯანელი ექსპერტი.
მისი თქმით, კორუფცია და დანაშაული ასევე არ უწყობს ხელს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენებას.
"ხილულ მომავალში აფხაზეთი დარჩება რუსეთის ბიუჯეტის კმაყოფაზე საერთაშორისო აღიარების გარეშე და ასე გაგრძელდება, ვიდრე აფხაზური ბანქო მსხვილი მოთამაშეებისთვის საჭირო იქნება", _ აცხადებს ექსპერტი ალი გაჯიზადე.
"უკვე დროა აფხაზმა მეგობრებმა იფიქრონ, თუ რომელ კავშირში გაწევრიანდებიან ისინი", _ აცხადებს ბლოგერი და ჟურნალისტი სანდრა ნოვიკოვა აფხაზეთის მომავალზე საუბრისას.
"ნახევრად აღიარებულ ტერიტორიებზე, სადაც მაყალი და მწვადი ერთად არც კი ეტევა და რომლებსაც საქართველო ჯერაც თავის "ოკუპირებულ ტერიტორიებად" მიიჩნევს, სალაპარაკოც კი არაფერია - ისინი განწირულნი არიან რომელიმე მსხვილ რეგიონალურ კავშირში გაწევრიანებისთვის. ამიტომაც უკვე დროა, აფხაზმა მეგობრებმა იფიქრონ, თუ რომელ კავშირში გაწევრიანდებიან ისინი", - აცხადებს ნოვიკოვა და აგრძელებს: "უკან, საქართველოში, მათ არ უნდათ, თუმცა პრობლემას არც ეს გადაწყვეტდა - საქართველოც ლიმიტროფული სახელმწიფოა და ოდესმე ისიც გაწევრიანდება რომელიმე რეგიონალურ კავშირში. თურქეთიც მაინცდამაინც არ სწყალობს აფხაზებს. რჩება რუსეთი და ევრაზიული კავშირი. ასე რომ, აფხაზეთმა თავისი კანონმდებლობა რუსულთან შესაბამისობაში მოიყვანოს, მიიზიდოს თავის ეკონომიკაში რუსული ინვესტიციები და გააკეთოს განაცხადი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისთვის".
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი ამ ცენტრს არ შეუერთდება, ადრე თუ გვიან, ასე თუ ისე, მას შთანთქავს რომელიმე სხვა ცენტრი - შესაძლოა, ისლამისტური. შესაძლოა, დასავლურიც, რომელმაც საქართველო თავისი გავლენის სფეროში უკვე ჩართო და ის დახმარება "მამაც ჯორჯიელებს "ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ოსეთის გათავისუფლებაში".