"ქართული ოცნება" ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ენშონისა ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გავრცელებული განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები დაინტერესებული არიან საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით და მდგომარეობით.
,,მივესალმებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ვიცე-პრეზიდენტის ქალბატონ ქეთრინ ეშტონისა და ევროკომისრის ბატონ შტეფან ფულეს 3 სექტემბრის განცხადებას საქართველოს შესახებ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები დაინტერესებული არიან საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში შექმნილი ვითარებითმდგომარეობით. სათანადოდ ვაფასებთ ევროკავშირის მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რომელიც კიდევ უფრო დაჩქარდება დემოკრატიის ევროპული სტანდარტების ერთგული პოლიტიკური ძალების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
"ქართული ოცნება" იზიარებს განცხადებაში ხაზგასმულ შეფასებას იმის შესახებ, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემებად რჩება დემოკრატიის კონსოლიდაცია, მიღწეული ეკონომიკური შედეგების ხალხზე გადანაწილება და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის სრულფასოვანი მონაწილეობა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მომავალი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა იქნება სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, _ აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკამ უნდა გააჩინოს რწმენა საარჩევნო პროცესის სამართლიანობისადმი. როგორც ეს აღნიშნულია ეუთოს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ბოლო ანგარიშებში, სწორედ კანონმდებლობის შერჩევითი გამოყენება, სახელმწიფო ორგანოების პოლიტიკური მიკერძოებულობა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება იქცა საარჩევნო პროცესის მთავარ პრობლემებად.
ვიზიარებთ განცხადებაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის გამო, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე იზრდება პოლარიზაცია და დაპირისპირება. სამწუხაროდ, კოალიცია "ქართული ოცნების" და მისი ლიდერის მზარდ პოპულარობას სააკაშვილის გუნდმა დაძაბულობისა და რეპრესიების ესკალაციის გარდა სხვა ვერაფერი დაუპირისპირა, რამაც მართლაც სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა დაპირისპირება მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, _ ნათქვამია განცხადებაში.
,,ქართული ოცნება" გაგებით ვეკიდებით მოწოდებას იმის თაობაზე, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენ, ოპოზიციას, არანაკლები პასუხისმგებლობა გვეკისრება ქვეყნის მომავლისათვის. მეტიც, ვთვლით, რომ ნებისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობით დაკავებულმა მმართველმა გუნდმა პრაქტიკულად მოიხსნა პასუხისმგებლობა ქვეყანაზე და ასეთ პირობებში ჩვენ ვართ ვალდებული ხელისუფლების დარი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ძალადობის ესკალაციას და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მათ შორის, ვინმეს მიერ ხელისუფლების მიტაცებას. მზად ვართ იმისთვისაც, რომ მივიღოთ და გავიზიაროთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად.
დარწმუნებული ვართ, ევროკავშირი, ისევე, როგორც მთელი დემოკრატიული სამყარო, გააგრძელებს სათანადო ზომების მიღებას იმისათვის, რომ ქართველ ხალხს მიეცეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით საკუთარი მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობა, _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.