როგორც მმართველი პარტიის, ისე "ქართული ოცნების" ქმედებები მცდარ წარმოდგენებს ქმნის და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. ამის შესახებ NDI-ის გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშშის დასკვნაში.
"ორ უდიდეს საარჩევნო სუბიექტს შორის პოლარიზაცია იზრდება იმ რიტორიკის შედეგად, რომელშიც ოპონენტები ერთმანეთს - ერთის მხრივ, საქართველოს სუვერენიტეტისთვის და, მეორეს მხრივ, დემოკრატიულობისთვის ფუნდამენტურ საფრთხედ წარმოაჩენენ. ეს რიტორიკა ამძაფრებს საარჩევნო გარემოს მიმართ უნდობლობას და განპირობებულია როგორც მმართველი პარტიის, ისე "ქართული ოცნების" ქმედებებით, რაც, თავის მხრივ, ქმნის მცდარ წარმოდგენებს და არჩევბების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს", - ნათქვამია ანგარიშის დასკვნაში.
NDI მიიჩნევს, რომ მთავრობა ვალდებულია, სამართლიანი საარჩევნო კანონები მიიღოს და ისინი მიუკერძოებლად აღასრულოს, ოპოზიცია კი, კანონს უნდა დაემორჩილოს.
"მონაწილე მხარეების ქმედებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების მიზნით ორივე მხარე დროდადრო ცდილობს ამ პასუხისმგებლობებს თავი აარიდოს", - ნათქვამია ანგარიშის დასკვნაში.
ანგარიშში წარმოდგენილია NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებები. მისია საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ გარემოზე დამკვირვებელი სამი ანალიტიკოსისგან შედგება. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. NDI-ის გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიზანია, ზუსტად და მიუკერძოებლად შეაფასოს საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ასპექტი. ანგარიში NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის მოკვლევის შედეგებს, ასევე საქართველოში NDI-ის გრძელვადიან გამოცდილებას ემყარება. მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და ჩაატარეს 120-ზე მეტი შეხვედრა მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.