პანკისის ხეობაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. „დივერსანტები", რომელთა ლიკვიდაციაც შსს-ს მიერ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განხორციელდა, ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქისტები ან ჩეჩნეთიდან ლტოლვილები იყვნენ. სოფელ დუისში, სასაფლაოზე ლიკვიდირებულთა დასამარხად 6 საფლავი გუშინ გათხარეს.
ხეობის მაცხოვრებლები, რომლებმაც საფლავები გათხარეს, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებენ, რომ საფლავების გათხრის შესახებ მითითება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს, ოღონდ ვისგან, არ აკონკრეტებენ. ხეობის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათთვის არც ლიკვიდირებულთა ზუსტი ვინაობაა ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ სოფელ დუისში ცხოვრობს და გვარად მარგოშვილია. პანკისის ხეობაში მცხოვრებნი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, გუშინ, გვიან საღამოს პოლიციის და უშიშროების თანამშრომლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არ ისაუბრონ.
ამ საკითხზე კომენტარს არც დუისის მეჩეთის იმამი ამურ ხანგოშვილი აკეთებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტები პანკისის ხეობაში მუშაობას აგრძელებენ და დამატებით ინფორმაციას მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.
ამავდროულად, "შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით:"ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის რიგი საკითხები ძიების პროცესშია. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ ლიკვიდირებული 11(თერთმეტი) ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული, იტაცებს ადამიანებს, აყავს მძევლები, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს კლავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს - ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია მათ მიმართ იქნება ისეთი, როგორიც იყო და მომავალშიც თუ ანალოგიურ ფაქტს ექნება ადგილი, საქართველოს ხელისუფლება ანალოგიურად იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი."