მედიის ცნობით, პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში არეულობაში, ძარცვასა და ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა.
როგორც Sky News წერს, ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა კვირას, 18 ოქტომბერს განაცხადა.
მინისტრის თქმით, გრძელდება გამოძიება, რათა დადგინდეს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირთა ვინაობა და მათ სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი.
17 ოქტომბერს, პოლიციისა და აქციების ორგანიზატორების მონაცემებით, საფრანგეთის მასშტაბით დემონსტრაციებში 550 000-დან 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლებს თან ახლდა ძალადობა, ძარცვა და ვანდალიზმი.
აქციები 17 ოქტომბერს პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გაიმართა. დემონსტრაციებში 500 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. თავდაპირველად მშვიდობიანი მსვლელობები რამდენიმე ადგილას არეულობაში გადაიზარდა: დემონსტრანტებმა მაღაზიები გაძარცვეს, შენობები დააზიანეს და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
Reuters-ის ცნობით, პარიზში საპროტესტო აქციების დროს ერთ-ერთი მონაწილე გულის გაჩერებით გარდაიცვალა. დედაქალაქის რამდენიმე უბანში დაზიანებულია მაღაზიები და საზოგადოებრივი სივრცეები. ქალაქ ლიმოჟში კი ხანძარმა მერიის ისტორიული შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა ძალადობაში რადიკალური მემარცხენე ჯგუფები და მძარცველები დაადანაშაულა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირები პასუხს აგებენ.
საპროტესტო მოძრაობა სექტემბერში, სკოლებში მასწავლებელთა ნაკლებობისა და არასათანადო პირობების გამო დაწყებული სტუდენტური გამოსვლებით დაიწყო. მოგვიანებით აქციები გაფართოვდა და მასში პროფკავშირები, სტუდენტები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ცხოვრების გაძვირების, საწვავის ფასების ზრდის, სოციალური უთანასწორობისა და საჯარო მომსახურების გაუარესების გამო.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 18 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს. ქვეყანაში ვითარების გამწვავება მაკრონის მთავრობაზე პოლიტიკურ ზეწოლას ზრდის, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა გაიმართოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიგრაციას დაუკავშირა და პარიზს მოუწოდა, „საზღვრები ჩაკეტოს“.