უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა.
ზელენსკის განცხადებით, საუბრისას მხარეებმა ფლორიდაში უკრაინისა და აშშ-ის გუნდების შეხვედრის შედეგები განიხილეს.
„ფაქტობრივად, ჩვენი გუნდები მუდმივ კონტაქტზე არიან. დიპლომატიის მიმართულებით შემდეგ ნაბიჯებსაც ვამზადებთ. პარტნიორებს მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას რუსული დაბომბვების რეალური ვითარების შესახებ - ისინი ერთი წუთითაც არ წყდება, ასევე საჰაერო თავდაცვის საკითხებზე.
ამ საკითხებში ბევრი რამ სწორედ ამერიკის პოზიციაზეა დამოკიდებული. უკრაინა კვლავ მზად არის, იმუშაოს კონსტრუქციულად, გულწრფელად და რეალური შედეგის მისაღწევად. მადლობა ყველას ამერიკაში, ვინც სწორედ ასეთ მიდგომას და უკრაინას უჭერს მხარს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალისა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და იმისთვისაც, რომ ამერიკის პოზიცია ძლიერი იყოს და ხელი შეუწყოს მშვიდობის დაახლოებას, რომელსაც რუსეთის გარდა ყველა უკვე ოთხ წელზე მეტია ელოდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.