საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სპეციალური თათბირი გამართა .
როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თათბირს სადაზღვევო კომპანიების, წამყვანი კლინიკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის ახალი სამთავრობო პროგრამის ამოქმედების შედეგად, 1-ელი სექტემბრიდან მკვეთრად გაიზრდება სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა და კლინიკებს მიაკითხავს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებლობის არქონის გამო, ექიმთან 10-15 წელია არ ყოფილა. მერაბიშვილის თქმით, კლინიკები და სადაზღვევო კომპანიები აღნიშნულ გამოწვევას მომზადებულები უნდა შეხვდნენ.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებითაც მისი უწყება ეხმარება კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს გაზრდილ მიმართვიანობასთან გამკლავებაში. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგი ჩაუტარა 300 ადამიანს, რომლებიც განთავსდებიან ყველა კლინიკაში და ხელს შეუწყობენ არა მარტო რიგების მართვას, არამედ განუმარტავენ ახლად დაზღვეულებს პოლისის გამოყენების წესს. ჭიაბერაშვილის თქმით, მისი უწყება მზად არის გაუმკლავდეს ყველა იმ პრობლემას, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ჯანდაცვის სისტემაში, მას შემდეგ, რაც ის 1-ელი სექტემბრიდან დაზღვეულების ახალ ნაკადს მიიღებს.
2012 წლის 1-ელი სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით აზღვევს ყველა ასაკით პენსიონერს, 5 წლის ჩათვლით ასაკის ყველა ბავშვს, ყველა სტუდენტს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს - ჯამში დაახლოებით მილიონ ადამიანს.