ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გრანდიოზულ, ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პროექტის მიხედვით, მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ხუთ ადგილას, პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები შენდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მარჯვენა სანაპიროზე არსებული ყველა პრობლემური სატრანსპორტო კვანძი გაიხსნება. აღნიშნულ პერიმეტრზე გაუქმდება შუქნიშნები და სატრანსპოტო საშუალებები შეუფერხებლად შეძლებენ გადაადგილებას.
ახალი გვირაბის მშენებლობა დამთავრდა გალაკტიონის ხიდთან, რაც თბილისელებს აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. მარჯვენა სანაპიროზე დიღმიდან ორთაჭალისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი აღნიშნულ გვირაბს გამოიყენებს. ასევე მარჯვენა სანაპიროზე ორთაჭალიდან მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი მარჯანიშვილის ან ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე მოსახვედრად გვირაბზე გადასასვლელი ახალი პანდუსით ისარგებლებს, ხოლო მარჯანიშვილის ან ყოფილი ელბაქიძის ქუჩებიდან მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებები გვირაბზე გადასასვლელი ახალი პანდუსით შეძლებენ მოძრაობის გაგრძელებას. გვირაბის ზევით, გალაკტიონის ხიდთან, მოეწყო სატრანსპორტო კვანძი, რაც ნებისმიერი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს შუქნიშნის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ასევე გალაკტიონის ხიდზე. გამოიცვალა კომუნიკაცია(წყლის და სანიაღვრე სისტემები), გამაგრდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და მოხდა მოაჯირების, განათებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტროტუარების განახლება.
გვირაბის გახსნამდე, განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა.გიგი უგულავამ მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენბლობაზე, მათ მნიშვნელობასა და შესაბამისად ქალაქში არსებული სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.