ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ამერიკელი რესპუბლიკელების ერთ-ერთ ლიდერს სენატორ ნორმ კოლმანს შეხვდა. შეხვედრა ქალაქ ტამპაში ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ყრილობისა და დემოკრატიული კავშირის აღამსრულებელთა საბჭოს ფარგლებში შედგა. განხილვის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და კავკასიის რეგიონში ამერიკელი რესპუბლიკელების საგარეო პოლიტიკური გეგმები იყო. რუხაძემ მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის და არჩევნებში წარმატება უსურვა. სენატორმა კოლმანმა კი თავის მხრივ საქართველოს საპარლამენეტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
"დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული იქნება და ამით თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ" - განაცხადა კოლმანმა.
ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობასა და საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელთა შეხვედრას ესწრება. ღონისძიებაში 50 შტატის 18 ათასი დელეგატი და ასობით ამერიკელი და უცხოელი პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობს. დღეს ყრილობა ოფიციალურად აირჩევს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, მიტ რომნის, რომელიც ნოემბრის არჩევნებში ბარაკ ობამას დაუპირისპირდება.
ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიის დედაქალაქიდან ჩავიდა სადაც აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატი ლიდერების შეხვედრას ესწრებოდა, მანამდე კი ჰოლანდიის ქალაქ ამერსფურტში ევროპელი ქრისტიან დემოკრატების მმართველი საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა.