საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე ოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულებაზე ესაუბრა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პროვოკაცია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცველების მოქმედების შედეგად ვერ განხორციელდა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, რთული რელიეფის მიუხედავად, ოპერაციის ძირითადი ფაზა წარმატებით დასრულდა.
"მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ ოფიცერსა და ჯარისკაცს, სპეცრაზმელსა თუ პოლიციელს, რომელიც დაკავებული იყო. ამ პროვოკაციის ორგანიზატორებს რამდენიმე ამოცანა ჰქონდათ დასახული მიზნად. პირველი - ეს იყო ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა და 2008 წლის შემდეგ ჩვენს ბიჭებს ამ მაშტაბის საბრძოლო ოპერაცია არ შეუსრულებიათ. უნდა აღვნიშნო, რომ პროგრესი აშკარაა და ეს ძალიან მახარებს... მათი შემდეგი ამოცანა იყო პროვოკაციის მოწყობა, რაც ასევე არ გამოუვიდათ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ასეთი შემთხვევები ჩვენი ქვეყნის დამპყრობელს რამე სახის საბაბის შექმნაში აძლევს ხელს. რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, ოპერაცია ძალიან რთული განსახორციელებელი იყო, რადგან იქ მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენ პოლიციელს გადასხამდით. ჩვენ გამოვიყენეთ უპილოტო საფრენი აპარატები - კარგია, რომ ასეთი ტექნიკური საშუალებები გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეხვედრას, რომელიც ყვარელში გაიმართა, ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე