„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები დღეს ქუთაისელებს შეხვდნენ. შეხვდერის დაწყების წინ გიორგი თარგამაძემ კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა ლაფანყურში განვითარებული მოვლენების გამო და საზოგადოებას მოუწოდა იმ ვაჟკაცებისთვის პატივის მიგება, ვინც ქართველი ოჯახებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავი გაწირეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, 2011 წლის საპარლამენტო არჩევნები არის პირველი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული მოქალაქეები. ოცი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება ნამდვილად აისახება ქართველი ხალხის არჩევანში. მოძრაობის ლიდერის განცხადებით, საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს რაციონალიზმს და ირაციონალიზმს, პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას, რადიკალიზმსა და კონსტრუქციულობას შორის.
გიორგი თარგამაძის თქმით, როგორც გლეხი დარგავს ნორჩ ნერგს და ჭიგოს შეუყენებს გვერდით, იმისათვის რომ ხერხემალი მოიძლიეროს, ასევე ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისათვის" ჭიგოსავით იყო მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ქუთაისი, ქუთათურები და მთელი იმერეთი.
მოძრაობის ლიდერმა „ქრისტიან-დემოკრატების" ქუთაისელების მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და პატივისცემაზე გაამახვილა ყურადღება
„ჩვენი არჩევანი, რომ ქუთაისშიმაჟორიტარობის კანდიდატად წარმოვადგინეთ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, „ქრისტიან-დემოკრატების" ფრაქციის თავმჯდომარე, თავად ქუთაისელი გიორგი ახვლედიანი, მეტყველებს ჩვენს სერიოზულ განწყობასა და პატივისცემაზე ქუთათურების მიმართ" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.