საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თელავის რაიონის სოფელი ლაფანყური შეხვედრის დასრულებისთანავე დატოვა. ლაფანყურის სკოლის ეზოში ადგილობრივებთან შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, 10 წუთს გაგრძელდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება ლაფანყურიდან, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადგილობრივების თქმით, პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ სოფელს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ბოევიკები განადგურებულები არიან და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის შესანარჩუნებლად.
შეხვედრას ის ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ, რომელთა გატაცებასაც შსს-ს ცნობით ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდები შეაიარაღებული დაჯგუფების ტყვეობიდან 27 აგვისტოს გაათავისუფლეს, თუმცა პოლიციამ ისინი სახლებში მხოლოდ დღეს, დილით დააბრუნა. ახალგაზრდები მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. შეხვედრის ადგილიც მათ სასწრაფოდ, კომენტარის გარეშე დატოვეს.