ღუდუშაურის კლინიკაში დაჭრილი სპეცრაზმელი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა პირადად მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი დაჭრილ ზურაბ ზურაბიშვილს გაესაუბრა და პრეზიდენტმა თავდადებული საქმიანობისთვის მას მადლობა გადაუხადა.
ექიმების განმარტებით, ზურაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი მდგომარეობიდან უკვე "გამოძვრა" და მისი გამოყვანა ხეობიდან იყო საკმაოდ რთული.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზურაბაშვილის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა თვითმფრინავით და ამიტომ რამდენიმე საათით მისი ხელით ტარება გახდა საჭირო. სააკაშვილის განმარტებით, სწორედ ზურაბ ზურაბიშვილის გამოყვანას შეეწირა თავდაცვის სამინისტროს ექიმი.
"ვისაც საკუთარი ღირსება არ გააჩნია ყველაფერი ჩაწყობილი და ყურითმოთრეული გონია. კიდევ ერთელ ვიმეორებ რომ ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ ღირსება და ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ადამიანს უყვარდეს სამშობლო და სამშობლოსთვის სწირავდეს თავს და იყვნენ ნამდვილი გმირები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმელი ნაღმზე აფეთქდა და ექმების დროული ჩარევით მისი კიდურების ამპუტაცია საჭირო აღარ გახდა. აღსანიშნავია, რომ დაჭრილი 5 სპეცრაზმელიდან ორი ზურაბიშვილის გამოყვანის ოპერაციისას დაიჭრა.