საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებში მონაწილე პარტიებს ტელედებატებისთვის ეთერს სთავაზობს. სპეციალური განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ გააკეთა.
ჭანტურიას განცხადბით, დებატების პირველი ეთერი 9 სექტემბერსაა დაგეგმილი და მასში მონაწილეობის მისაღებად მაუწყებელი სწორედ ამ პარტიების მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს იწვევს.
მისივე განცხადებით, 18 სექტემბერს დაგეგმილ მეორე დებატზე კი მაუწყებელი ამავე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს ეპატიჟება. დებატების წესები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტის მიერ არის შემუშავებული.
გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მაუწყებელი მზადაა დებატების მეთოდოლოგია პარტიებს ხვალიდანვე გააცნოს. პოლიტიკური სუბიექტებისგან პასუხს საზოგადოებრივი მაუწყებელი 5 სექტემბრის 18 საათამდე დაელოდება.
საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე და მერვე პუნქტების საფუძველზე, ტელედებატებში მონაწილეობის უფლება აქვთ: "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", კოალიცია "ქართულ ოცნებას", "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" და "ლეიბორისტულ პარტიას".