კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საქართველო - დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში შსს-ს სპეცოპერაციის დროს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი, 28 წლის ს.წ. დაიღუპა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს.
შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე მხარაძის განცხადებით, ამ საკითხზე ის კომენტარს ვერ გააკეთებს.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველო - რუსეთის საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო შეიარაღებული ჯგუფი და შსს-ს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. გუშინ, საღამოდან სოფელ ლაფანყურში იმყოფება შს მინისტრი ბაჩო ახალაია. მთელი ღამის განმავლობაში საზღვრის მიმართულებით პოლიციის დამატებითი ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შედიოდნენ. დღეს, დილით, ხეობაში ერთბაშად შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის 400-მდე თანამშრომელი შეიყვანეს. ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოპოტას ხეობაში შსს-ს სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია დივერსანტი, არიან დაჭრილებიც. „რუსთავი 2"-ის ცნობით, ხუთი ახალგაზრდის გარდა, შსს-ს ოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია მძევალთა კიდევ ერთი ჯგუფი და ამ დროისთვის ოპერაცია ბოლო ჯგუფის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელ ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. ახალგაზრდები სოფელში ამ დრომდე არ დაბრუნებულან. ოჯახის წევრებმა არ იციან პოლიციას ისინი სად ჰყავს.