დღეს დილით, თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის გავლით, დევნის ოპერაციის მიმდინარეობის ადგილზე პოლიციის კიდევ ერთი კოლონა შევიდა, რომელსაც შს მინისტრი ბაჩო ახალაია ახლდა.
ოპერაცია თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან დაახლოებით 30 კმ-ის მოშორებით მიმდინარეობს, სადაც ტყის მასივზე საქართველოსა და დაღესტნის საზღვარი გადის.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაცია. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ადგილზე არანაირი ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ამასთან, ბაჩო ახალაია სოფელ ლაფანყურში ოპერაციის დაწყების დროიდან იმყოფებოდა, თუმცა გამთენიისას სოფელი დატოვა.