კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა ეკა ბესელიამ კოალიციის მიერ ფოთში ჩატარებული კარდაკარის შედეგები გამოაქვეყნა და ის უზუსტობები დაასახელა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის მიერ დადებულ მონაცემებს.
„ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კარდაკარის შედეგები ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა.
როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, კოალიციამ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" რამდენიმე კვირაა დაასრულა კარდაკარის გზით ამომრჩეველთა სიების შემოწმება. შესაბამისად, დღეს უკვე შსაძლებელია საუბარი იმაზე, რა მდგომარეობაა ფოთში ამომრჩეველთა სიების კუთხით.
„საკმოდ დიდი სამუშაო იქნა ჩატარებული იმისათვის, რომ დაფიქსირებულიყო ამომრჩეველთა სიებში არსებული შესაძლო ცდომილებები, ხარვეზები და უზუსტობები. მინდა მოგაწოდოთ რამდენიმე ციფრი, რომელიც პირდაპირ მეტყველებს, რამდენად არ არის ზუსტი ამომრჩეველთა სია და რამდენად პრობლემური იქნება ამ სიებით არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება. ცესკო-ს მიერ ოფიციალურად იქნა მოწოდებული ინფორმაცია, რომ ფოთში ამომრჩეველთა რაოდენობა არის 41 658 ადამიანი. რაც შეეხება იმ შედეგებს, რომელიც ჩვენი კარდაკარის პროგრამის ფარგლებში იქნა გამოვლენილი. კარდაკარის პროექტის ფარგლებში დადგენილ იქნა 39 935 ამომრჩეველი. აქედან მუდმივად მცხოვრები არის 24 238 ამომრჩეველი", - განაცხადა კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატმა ეკა ბესელიამ.
კოალიცის მიერ ფოთში ჩატარებული კარდაკარის შდეგად გამოიკვეთა, რომ ქალაქიდან სხვადასხვა მიზეზით გასულია და ფოთში პრაქტიკულად არ ცხოვრობს 8 232 ამომრჩეველი. ფოთში, ფაქტობრივად, არ ცხოვრობს ამომრჩეველი მითითებულ მისამართზე და მხოლოდ მიწერილია 3 388 ამომრჩეველი. 811 ამომრჩევლის ბინა არის გაყიდული, თუმცა ეს მოქალაქეები ისევ ძველ მისამართებზე არიან მიწერილი. 783 ამომრცეველი აბსოლუტურად გაურკვეველი ამომრჩეველი. მათი ვინაობა საერთოდ ვერ დადგინდა.
კარდაკარის ფარგლებში გამოვლინდა აგრეთვე 606 ფიქტიური, 317 - გარდაცვლილი ამომრჩეველი, 24 პატიმარი და 384 უმისამართო პირადობის მქონე ამომრჩეველი.
„ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატმა ეკა ბესელიამ ფოთელებს მიმართა და მოუწოდა, 14 სექტემბრამდე გადაამოწმონ საკუთარი თავი საარჩევნო სიებში და იმ შემთხვევაში, თუ სიაში არ აღმოჩნდებიან, დეპუტატობის კანდიდატის შტაბს მიმართონ დახმარებისთვის, სადაც ფოთელებს საარჩევნო სიებში შეყვანაში დახმარებას გაუწევენ.