„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა. მაგდა ანიკაშვილმა ადგილობრივებს „ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. სამგორის მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით, ვარკეთილის მოსახლეობის წინაშე მწვავედ დგას წყლის პრობლემა.
ასევე ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის საკითხებზე. მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში ყველა ბავშვისა თუ მოზარდისთვის ხელმისაწვდომი იქნება საბაზისო ჯანდაცვა, ქალბატონებს გაუხანგრძლივდებათ დეკრეტული შვებულების ვადა, ხოლო პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მედიკამენტები. ასევე მაგდა ანიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოლისებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც.
„ძალიან კარგია პოლისების დარიგება, თუმცა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ ეს პოლისი არ იყოს ფარატინა ქაღალდი, არამედ სრულად აკმაყოფილებდეს ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნებს" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.