ეუთო-ს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს , ქართულ სოფლებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებები გააკეთოს.
ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება აქვთ და მათ საკუთრებას პატივი უნდა სცენ,
"ასეთი გეგმები, შესრულების შემთხვევაში, იმ ეთნიკურად ქართული სოფლების მცირე ნაწილსაც გაანადგურებს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემორჩა. სახლები, რომლებიც ამ სოფლებში დგას, სოფლის მცხოვრებლებს ეკუთვნით და არ უნდა დაინგრეს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება აქვთ და მათ საკუთრებას პატივი უნდა სცენ", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს რეპრესიებს სამოქალაქო პირებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ;
"ქართული სოფლების დანგრევა, თუ ეს განხორციელდა, საერთაშორისო სამართლის დანაშაულია", - აღნიშნავს ვოლებეკი და მივმართავს რეგიონის ფაქტობრივ მმართველობას და კომპეტენტურ ორგანოებს, პატივი სცენ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებას და შეასრულონ საერთაშორისო სამართლით დაკისრებული მოვალეობები.
"განცხადება ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების სრულად დანგრევის განზრახვაზე ამ ძალიან არამდგრად რაიონში, პროვოკაციულია და თუ ის შესრულდება, აღმოჩნდება, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველები აღარ დარჩებიან. გარდა ამისა, ეს პოტენციური დანაშაული ხელს შეუშლის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში", - აცხადებს ვოლებეკი.
ამავე განცხადებაში ეუთოს უმაღლესი კომისარი აღნიშნავს, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საკუთარ სახლებში ძალიან ცოტა ეთნიკური ქართველი დაბრუნდა, რადგან უსაფრთხოების მხრივ ვითარება რთულია;
ვოლებეკი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ეწვევა ცხინვალს, რათა იქ არსებულ ვითარებას გაეცნოს და შექმნილი მდგომარეობა რეგიონის დე ფაქტო ლიდერებთან განიხილოს.
შგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართულ სოფლებში დარჩენილ სახლებს დაანგრევენ. აღნიშნული სოფლები ქართული მოსახლეობისგან აგვისტოს ომის შემდეგ დაიცალა. როგორც თიბილოვმა აღნიშნა, სახლების ადგილას სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება. დე-ფაქტო მთავრობა სოფლებისთვის არც ძველი სახელების შენარჩუნებას აპირებს. "ეს ტერიტორიები, როგორც დასახლებული ადგილები, აღარ იარსებებს", -განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.