უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პარტნიორებს სთავაზობს ერთობლივად დაიცვან საჰაერო სივრცე, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ პოლონეთში დრონების შეჭრაზე მსოფლიო მხრიდან საკმარისად მკაცრი რეაქცია არ მოჰყოლია.
„უკრაინამ პოლონეთს შესთავაზა საჭირო დახმარება წინააღმდეგობის გასაწევად. ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ასობით დრონი არ იქნება. მხოლოდ ერთობლივ ევროპულ ძალებს შეუძლიათ დაცვის უზრუნველყოფა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ტექნოლოგიებით, ეკიპაჟის წვრთნით და საჭირო დაზვერვის ინფორმაციით.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე რუსეთმა მსოფლიო ლიდერებისგან ვერ მიიღო მკაცრი რეაქცია რუსების ქმედებებზე - რეაქცია ქმედებებით. განცხადებები საკმარისზე მეტია, მაგრამ ქმედებები მაინც დეფიციტია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი შესაძლებლობის საზღვრებს და მსოფლიოს რეაქციას ცდის. რუსები აფიქისრებენ, თუ როგორ მოქმედებენ ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალები, რა შეუძლიათ და რა არ შეუძლიათ ჯერ.
მისივე თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსებთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო და ეს შეიძლება, ასე ვთქვათ, წვრთნების გეგმის ნაწილი იყოს.
„უკრაინა საჰაერო სივრცის დაცვას კოორდინირებული, გააზრებული და ერთობლივი გზით სთავაზობს. ჩვენს პარტნიორებს წარვუდგინეთ, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს. დეტალები ნათელია, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ომის გავრცელება და როგორ შევაჩეროთ რუსეთის ნაბიჯები ესკალაციისკენ. ამისთვის გაერთიანებული ძალები აბსოლუტურად საკმარისია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.